იაპონიის პრემიერ მინისტრმა ნაოტო კანმა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვიზიტს კურილიის კუნძულებზე "უპატიებელი შეურაცხყოფა" უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Fრანცე-Pრესსე"-ი ავრცელებს.
ამავე დროს, პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ იაპონია მზადაა კურილიის კუნძულების კუთვნილების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად და ქვეყნებს შორის მშვიდობიანი ხელშეკრულების გაფორმებისათვის. ეს განცხადება დღეს გაკეთდა, როდესაც იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიების დღეს აღნიშნავს.
ამას გარდა, ნაოტო კანი ასევე ტოკოში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და კუნძულის იაპონიისათვის გადაცემა მოითხოვა. აღნიშნული მიტინგი ტოკიოში რუსეთის საელჩოს მიდამოებში გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, მიტინგის მონაწილე დემონსტრანტებმა შეურაცხყვეს რუსეთის დროშა - დააწერეს მას ლოზუნგები და რუსეთის საელჩოს შორიახლოს ასფალტზე ათრიეს. ტოკიოში რუსეთის საელჩოს შენობას რამდენიმე ასეული პოლიციელი იცავს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კურილიის კუნძულები, რომლებზეც პრეტენზიას იაპონია აცხადებს 2010 წლის ნოემბერში მოინახულა. ამან იაპონიის გაღიზიანება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, აღნიშნული კუნძულები მიმდინარე წლის 4 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა მოინახულა.