ფიფა-ს პრეზიდენტ ზეპ ბლატერის თქმით, ყატარის დელეგაცია იმყოფებოდა ფიფა-ს შტაბბინაში ციურიხში და მათთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ზაფხულში ჩატარდება.
ბლატერმა ადრე განაცხადა, რომ ტურნირი ყატარის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შესაძლოა ზამთარში ჩატარებულიყო. ჩემპიონატის ზამთარში ჩატარების ინიციატივით ფრანც გეკენბაუერი, უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი და მსოფლიო ფეხბურთელების კავშირი გამოდიოდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატები ტრადიციულად ივნისში ან ივლისში იმართება ხოლმე, თუმცა წელიწადის ამ პერიოდში ყატარში ტემპერატურა +40 გრადუსს აღწევს ხოლმე.
"ამ დროისთვის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ყატარში გაიმართება, ზაფხულში ჩატარდეს", - განაცხადა ბლატერმა BBჩ-თან საუბრისას.
ბლატერის თქმით, მოთამაშეები მატჩის დროს კლიმატური პირობებისგან დაცული უნდა იყვნენ.
ყატარმა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება პირველად მოიპოვა. მასთან ერთად, ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილს ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა და ამერიკის შეერთებული შტატები გამოთქვამდნენ.