ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით, დღეს ოპოზიცია კვლავ გამართავს საყოველთაო შეკრებას.
ეგვიპტელები უკანდახევას არ აპირებენ. ისინი აცხადებენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ, ვიდრე ჰოსნი მუბარაქი თანამდებობას არ დატოვებს.
უკვე ცნობილია, რომ ეგვიპტის ვიცე-პრემიერი ომარ სულეიმანი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაზე ხელისუფლება დათანხმდა საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკური წყობა უნდა შეცვალოს. თუმცა ყველასთვის გასაოცრად, შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ არ სჯერა, მმართველი გუნდის დაპირების და არ შეწყვეტს აქციებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ახმედ შაჰიკმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი მითხოვნა რთულად შესასრულებელია. აქ საუბარი იყო მუბარაქის გადადგომის მოთხოვნაზე.
ხელისუფლებამ გუშინ ძირითად მაგისტრალებზე საავტომობილო მოძრაობის გახსნით მომიტინგეებისთვის ხელის შეშლა სცადა, მაგრამ ტაჰირის მოედანზე ღამით მაინც დარჩა რამდენიმე ათასი ოპოზიციონერი.