ეგვიპტეში, საკონსტიტუციო რეფორმების გატარების მიზნით შეიქმნება კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც მთავრობის წარმომადგენლებით, ასევე ოპოზიციის წევრებითაც. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. აღნიშნულ ინფორმაციას ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ დაჯგუფება "მუსულმანური საძმოს" წევრებიც. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთავრობასა და აღნიშნულ დაჯგუფებას შორის რაიმე სახის მოლაპარაკება გაიმართა.
გუშინდელი დღე ეგვიპტეში 25 იანვრის შემდეგ ყველაზე მშვიდობიანი იყო. დღეს 10 დღიანი დაკეტვის შემდეგ ეგვიპტეში მოქმედი ბანკები გაიხსნა.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკების მიუხედავად, ეგვიპტეში საპროტესტო აქციები დღესაც გრძელდება. კაიროს ცენტრალურ ტაჰირის მოედანზე ათიათასობით მომიტინგეა შეკრებილი. მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გადაყენებასა და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ბოლო მონაცემებით, 25 იანვრის შემდეგ დაწყებულ შეტაკებებს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.