არაოფიციალური მონაცემებით, შეერთებული შტატები უკვე რამდენიმე თვეა უკრაინას ეხმარება რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე შორი დისტანციის დარტყმების განხორციელებაში. ამის შესახებ Financial Times იუწყება.
არაერთი უკრაინელი და ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, ამერიკულმა დაზვერვამ უკრაინელ სამხედროებს საშუალება მისცა, ფრონტის ხაზიდან შორს, რუსეთის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტებზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, დარტყმები მიეტანათ.
ეს მხარდაჭერა, რომელიც ზაფხულის შუა რიცხვებიდან გაძლიერდა, აქამდე არ იყო ცნობილი.
ცვლილება დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა, როდესაც, Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა იკითხა, შეეძლო თუ არა უკრაინას მოსკოვზე დარტყმა, თუ ვაშინგტონი მას შორი მოქმედების იარაღს მიაწვდიდა.
ორი წყაროს ცნობით, ტრამპმა მხარდაჭერა გამოხატა სტრატეგიის მიმართ, რომელიც „მათ [რუსებს] ტკივილის შეგრძნებას აიძულებს“ და კრემლს მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს.
საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის დაზვერვა კიევს მარშრუტის დაგეგმვის, სიმაღლის, დროისა და მისიის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, რაც უკრაინულ შორი მოქმედების დრონებს რუსული საჰაერო თავდაცვისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს.
ასევე ინფორმირებულმა სამმა პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაგეგმვის ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინამ შეარჩია დარტყმების სამიზნეები, ხოლო ვაშინგტონმა მიაწოდა დაზვერვის მონაცემები ამ ობიექტების დაუცველობის შესახებ.ოპერაციებთან დაკავშირებული პირების თქმით, აშშ-მ ასევე გამოავლინა უკრაინელებისთვის პრიორიტეტული სამიზნეები.
ერთ-ერთმა მათგანმა უკრაინულ დრონებს ვაშინგტონის „ინსტრუმენტო“ უწოდა, რათა რუსეთის ეკონომიკას ძირი გამოუთხაროს და პუტინს დარეგულირებისკენ უბიძგოს.
ტრამპმა ღიად გამოხატა თავისი იმედგაცრუება პუტინის მიმართ. წყაროების ცნობით, ეს ასევე იყო ფაქტორი, რამაც ტრამპი შორი დისტანციის დარტყმების მხარდაჭერას დათანხმდა.