"ვიკილიქსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჯი ავსტრალიის ხელისუფლებისგან საშობლოში დაბრუნებაში დახმარების აღმოჩენას ითხოვს.
ამ შინაარსის თხოვნით მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ჯულია ჰილარდს ვიდეომიმართვისას განუცხადა.
"ჯულია ჰილარდმა გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს იმისთვის, რომ მე სახლში დამაბრუნოს,"_აღნიშნა ასანჯმა.
მან, ასევე, დასძინა, რომ სახალისოა, როცა დააკვირდები, თუ როგორ ხუჭავენ თვალს პოლიტიკოსები ამერიკული არმიის დანაშაულსა და დიქტატორთა ქმედებებზე. ამასთან, ისინი დუმილს ამჯობინებენ მედიაში "ვიკილიქსის" საიდუმლო მასალების გამოქვეყნების დროსაც.
უფრო ადრე ჯულია ჰილარდმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ავსტრალიის ხელისუფლებას არ შეუძლია და არც უნდა ჩაერიოს "ვიკილიქსის" დამფუძნებლის სასამართლო გახილვის საქმეში, რადგან მის წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები არსებობს და ყველაფერში გარკვევა აუცილებელია.
ცნობისთვის, 1 თებერვალს ჯულიან ასანჯმა ჰილარდს თხოვნით მიმართა, რომ იგი აშშ-ის ხელისუფლებისგან დაეცვათ. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ღიად უნდა დააფიქსიროს, რომ ავსტრალიურ ორგანიზაციაზე ზეწოლა მიუღებელია, რადგან ვიკილიქსი სწორედ ავსტრალიაშია დარეგისტრირებული. მაშინ ასანჯმა აღიარა, რომ სამშობლოში დაბრუნება სურს, თუმცა ფედერალური ხელისუფლებისგან საამისო გარანტია სჭირდება, რომ მას აშშ-ს არ გადასცემენ.
თავის მხრივ, ვიკილქსის დამფუძნებლის დედამ ქრისტი ასანჯმა უფრო ადრე მიმართა ჯულია ჰილარდს და შვილის დაცვა სთხოვა.
"ჰილარდმა უნდა დაამტკიცოს, რომ თავისი ქვეყნის ნამდვილი ლიდერია და არა_აშშ-ის გავლენის ქვეშ მყოფი. აშშ-მ კი უკვე საქმით უნდა დაამტკიცოს, რომ სიტყვის თავისუფლება მისთვის ცარიელი სიტყვა არ არის, არამედ ამერიკული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი.
შეგახსენებთ, გასული წლის 7 დეკემბერს ჯულიან ასანჯი ლონდონში შვედეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და საპყრობილეში მოათავსეს. თუმცა 16 დეკემბერს გირაოთი გაათავისუფლეს. მას შემდეგ იგი ლონდონის აღმოსავლეთით, თავისი მეგობრის, ბიზნესმენ ვონ სმიტის სახლში ქალაქგარეთ ცხოვრობს.
შვედეთში ექსტრადაციის მიზნით მისი საქმის განხილვა ლონდონში ორშაბათს დაიწყება.