მოსკოვში რკინიგზის სამი სადგურიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს.
სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, დღეს დილით უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ მოსკოვის რკინიგზის სადგურებში ასაფეთქებელი მოწყობილობებია დამონტაჟებული და მალე " ჰაერში აიწევა".
სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო განყოფილების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით აცხადებს.
მათი ინფორმაციით, უცნობმა არ თქვა კონკრეტულად რომელ რკინიგზის სადგურზე იყო საუბარი, რის გამოც ცხრავე სადგურში სპეციალური ღონისძიებები ჩატარდა.
ამ დროისთვის კი მგზავრების ევაკუაცია იაროსლავის, ლენინგრადის და კაზანის სადგურებიდან ხორცილდება, სადაც ანტიტერორისტული ღონისძიებები ტარდება, ასევე ადგილზე მობილიზებულია კინოლოგების ჯგუფი.