უცნობმა პირებმა ეგვიპტეში სინას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქ ელ-არიშის მიდამოებში ისრაელის საზღვართან ახლოს გაზსადენი ააფეთქეს. შედეგად გაზის მიწოდება შეწყვეტილია. ინფორმაცია ამის შესახებ ეგვიპტის ნაციონალურ ტელევიზიას ჩრდილოეთ სინას პროვინციის გუბერნატორმა მიაწოდა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის აფეთქების ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. გუბერნატორი ასევე აღნიშნავს, რომ გაზის სადგური, რომელიც აფეთქების ადგილთან ახლოსაა განლაგებული არ დაზიანებულა. აფეთქება ასევე არ შეეხო საცხოვრებელ კვარტლებს, რომლებიც ახლოს მდებარეობენ. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აფეთქება დივერსანტების ნახელავია.
ეგვიპტის ტელევიზია ასევე იუწყება, რომ აფეთქების რაიონში გაზის მილი ახლაც იწვის. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ გაზსადენი რომელიც სინას ნახევარკუნძულზე გადის მათ შორის ისრაელისათვის გაზის მიწოდებისთვისაც გამოიყენება. ეგვიპტე გახდა პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც ისრაელთან 1979 წელს სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა. ამ ჟესტი ყველა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ყოველთვის იყო კრიტიკის ობიექტი როგორც თავად ეგვიპტეში ისე მთელს არაბულ სამყაროში. ეგვიპტის ოპოზიცია არაერთგზის გამოსულა ეგვიპტური გაზის ისრაელში ექსპორტის შეწყვეტის მოთხოვნით.