დღეს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლო რესპუბლიკაში რუსული სამხედრო ბაზის ყოფნის ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს. განცხადება ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-მდივანმა ოვანეს პაპიკიანმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, შეთანხმება განხილული იქნება წერილობით პროცესუალურ წესრიგში, რომლის თანახმად საქმე განიხილება სახელმწიფო ორგანოების მიერ წარმოდგენილი ცნობების მიხედვით.
2010 წლის 24 დეკემბერს სომხეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში გააგზავნა სომხურ-რუსული შეთანხმება, რომელსაც ხელი 2010 წლის აგვისტოში ერევანში მოეწერა. საერთაშორისო შეთანხმებების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სომხეთში სავალდებულო ელემენტია მათ დასამტკიცებლად.
2010 წლის 19-21 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ოქმს გიუმრში მდგარი რუსული სამხედრო ბაზისათვის ყოფნის ვადის 49 წლით გაგრძელების შესახებ. შესაბამისად რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში 2046 წლამდე დარჩება.
საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის შემდეგ დოკუმენტი რატიფიკაციისათვის ქვეყნის ნაციონალურ საკრებულოში გაიგზავნება.