საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყებას ჩეხეთიც აუცილებლობად მიიჩნევს.
"ვფიქრობ, რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი აუცილებელია და თუ წარმოვიდგენთ, ერთის მხრივ, რუსეთის და მეორეს მხრივ, საქართველოს პროპორციებს, ცხადია, რომ საქართველოს მხარდაჭერა სჭირდება", - განუცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ შვარცენბერგმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში, სადაც უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია იმართება.
ამასთან, მან საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი დროა საჭირო.
"მინდა საქართველოს წარმატებები ვუსურვო, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი მიზნების მისაღწევად", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების 47-ე ყოველწლიური კონფერენცია გუშინ გაიხსნა. მას 350-ზე მეტი მაღალი დონის სტუმარი ესწრება, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი.
კონფერენციაზე განსახილველი საკითხებია: ახალი გამოწვევები, საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკა, მსოფლიო ფინანსური კრიზისი, კიბერ ომი, განიარაღება და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა.