ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი დარწმუნებულია, რომ საქართველო და რუსეთი საკუთარ თავში აღმოაჩენენ ძალას იმისთვის, რომ შერიგდნენ.
ამის შესახებ როგოზინმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში განუცხადა, სადაც უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია იმართება.
"მოდით, რეალისტები ვიყოთ. რა თქმა უნდა, შერიგება აუცილებლად მოხდება და ეს რაც უფრო მალე იქნება, მით უკეთესი. ჩვენ ვართ ორი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი. მომავალში ისინი აუცილებლად აღმოაჩენენნ საკუთარ თავში ძალას, რომ შერიგდნენ და მშვიდად იცხოვრონ", - განმარტა როგოზინმა.
მისივე აზრით, საქართველოსა და რუსეთის "შერიგების" გარანტი ის ქართული დიასპორაა, რომელიც ფედერაციაში ცხოვრობს.
"ჩვენი შერიგების გარანტი ის დიდი ქართული დიასპორაა, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს. უბრალოდ, ყველა გზის განაპირა კი არ უნდა იჯდეს და ელოდოს, არამედ შეეცადოს ამ პროცესს ხელი შეუწყოს", - დასძინა ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა.