უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმა, 28 სექტემბრის ღამეს, 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა, რომლის დროსაც 500-მდე თავდასხმის დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის „კინჟალის“ ტიპის რაკეტები, გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის მასშტაბური შეტევა თითქმის, 12 საათი გრძელდებოდა. ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდასხმის სამიზნე ძირითადად გახდა კიევი და კიევის ოლქი, ზაპოროჟიე, ხმელნიცკის, სუმის, ოდესის ოლქები. ამ ეტაპზე ცნობილია კიევში ოთხი დაღუპულის შესახებ, მათ შორის არის 12 წლის გოგონა. უკრაინაში, საერთო ჯამში, სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბავშვები.
ზელენსკის თქმით, ეს თავდასხმა ნიშნავს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს და მსოფლიოსგან მოსკოვი მეტ ზეწოლას იმსახურებს.
„დაბომბეს პურის მწარმოებელი ქარხანა, საბურავების ქარხანა, კერძო და საცხოვრებელი შენობები, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. ეს საზიზღარი თავდასხმა პრაქტიკულად გაეროს გენერალური ასამბლეის კვირის ბოლოს მოხდა და სწორედ ასე აცხადებს რუსეთი თავის რეალურ პოზიციას. მოსკოვს სურს ბრძოლისა და მკვლელობის გაგრძელება და მსოფლიოს მხრიდან მხოლოდ უდიდეს ზეწოლას იმსახურებს. კრემლს ამ ომისა და ტერორის გაგრძელება აწყობს, ვიდრე მას ენერგეტიკული შემოსავლები და ჩრდილოვანი ფლოტი მოქმედებაში ჰყავს. გავაგრძელებთ საპასუხო დარტყმებს, რათა რუსეთს წავართვათ ფულის შოვნის ეს შესაძლებლობები და ვაიძულოთ დიპლომატია. ყველამ, ვისაც მშვიდობა სურს, უნდა დაუჭიროს მხარი პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და შეაჩეროს რუსული იმპორტი. გადამწყვეტი მოქმედების დრო დიდი ხანია დადგა და ჩვენ აშშ-ს, ევროპის, „დიდი შვიდეულის“ და „დიდი ოცეულის“ მტკიცე რეაგირებას ველით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.