პარლამენტის წევრს უფლება მიეცემა, თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე მიიღოს. ამ პრინციპს ახალი საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს.
დღეს მოქმედი კანონით კი, თუ პარლამენტის წევრს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა, მას დეპუტატის უფლებამოსილებაზე უარი უნდა ეთქვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიციატივაEერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა ნუგზარ ერგემლიძემ გაახმოვანა. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ისიც, თბილისში მერის პირდაპირი არჩევნები ჩატარდება. არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს სხვებზე მეტ ხმებს, მაგრამ არანაკლებ 30%-ისა. თუ ხმათა აღნიშნული რაოდენობა ვერ მოაგროვა ვერც ერთმა კანდიდატმა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. მეორე ტურში გამარჯვებულად კი ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
კანონპროექტით, იცვლება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესიც: საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად შერჩეულ ცესკოს თავმჯდომარის 3 კანდიდატურას წარუდგენს ცესკოს. არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრების ხმათა უმრავლესობით. თუ კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, წარმოდგენილი 3 კანდიდატურიდან თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს,Pპროექტის თანახმად, საკრებულო 50 წევრისგან შედგება, რომელთაგანაც 25 წევრი აირჩევა ერთმანდატიანი მაჭჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, 25 წევრი აირჩევა პროპორციული წესით. პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატები ნაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებიც გადალახავენ 4%-იან ბარიერს.
თბილისის საკრებულოს არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატის დასახელები უფლება აქვთ მხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანებებს. მაჟორიტარულ არჩევნებში საარჩევნო ბარიერი არ იარსებებს. მანდატებს მიიღებს ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს.
ამასთან, თვითმართველობის არჩევნების ჩატარების ვადები გაიზრდება და ნაცვლად 40 დღისა, განისაზღვრება 60 დღით, ვინაიდან პროექტის ავტორების შეფასებით, პრაქტიკამ ცხადყო, რომ არსებული ვადა გარკვეულ პრობლემებს წარმოქმნიდა საარჩევნო პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება ორშაბათის ბიუროს სხდომაზე მოხდება.