"ბრუტალური ტირანი" და "ისტორიის შეცდომა" უწოდა ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, სენატორმა არიზონას შტატიდან ჯონ მაკკეინმა.
ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მაკკეინი აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში ჩავიდა, ბელორუსის პრეზიდენტს "ბრუტალური ტირანი" და "ისტორიის შეცდომა" უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
მაკკეინის აზრით, ახლო აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენები "სერიოზული გაკვეთილია" ყველა მთავრობისთვის, რომელიც "ადამიანებს მათთვის ღვთისგან ბოძებულ უფლებებს ულახავს". მაკკეინმა აღნიშნა, რომ "ყველა მსგავსი რეჟიმი განწირულია ჩამოგდებისთვის".
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 31 იანვარს აშშ ევროკავშირის მიერ ბელორუსის ხელმძღვანელობის მიმართ ცალმხრივად შემოღებულ სანქციებს შეუერთდა. ევროკავშირმა ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი მთავრობის კიდევ 150 ჩინოვნიკს ევროკავშირი ქვეყნებში ჩასვლა აუკრძალა, იმ მოვლენების გამო, რომლებიც ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ განვითარდა.