ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელება და მისი გაფართოება სურს. რუსეთის ოპერაციები მრავალ ქვეყანაში ვრცელდება, ამიტომ საჭიროა ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ზოგადი დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ უკრაინა მხოლოდ პირველი იყო. თუმცა, ახლა რუსული დრონები ევროპის თავზე დაფრინავენ და რუსული ოპერაციები მრავალ ქვეყანაში ვრცელდება. პუტინს ამ ომის გაგრძელება, მისი გაფართოება სურს. ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში ამ პროცესს 30-ზე მეტი ქვეყანა უკვე შეუერთდა.
„ახლა ამ ომის შეჩერება ბევრად უფრო ადვილია, უფრო იაფია შეიარაღების რბოლის შეჩერება, ვიდრე მიწისქვეშა საბავშვო ბაღების ან უზარმაზარი ბუნკერების აშენება, სადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა შეაფარებს თავს. პუტინის შეჩერება ახლა უფრო იაფია, ვიდრე ყველა პორტისა და ყველა გემის ტერორისტებისა და საზღვაო დრონებისგან დაცვის მცდელობა. აგრესორების შესაჩერებლად ერთად სხვაგვარად უნდა ვიმოქმედოთ. შემდეგ კი გვექნება შანსი, რომ ამ შეიარაღების რბოლამ არ მოგვიტანოს კატასტროფა“, - განაცხადა ზელენსკიმ.