შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, მოადგილესთან, შალვა თადუმაძესთან ერთად, შსს-ს აკადემიის ახლადდანიშნულ რექტორთან, გიორგი სახოკიასთან და სასწავლო დაწესებულების სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე გიორგი სახოკიამ აკადემიის სტრატეგიული განვითარების პროექტი წარმოადგინა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, ახალი საგანმანათლებლო
პროგრამების დანერგვისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მიმართულებების შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მნიშვნელოვან როლზე, რომელიც სამართალდაცვით უწყებაში კადრების უწყვეტ განვითარებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი აკადემიის ინსტიტუციური განვითარებაა. გეკა გელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქტიურად დაუჭერს მხარს აკადემიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამების დანერგვასა და სასწავლო დაწესებულების შემდგომ განვითარებას.
შინაგან საქმეთა მინისტრთან და მის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრას, აკადემიის რექტორთან ერთად, პრორექტორები – გიორგი ოსაძე, იმედა მაკასარაშვილი, სოფიო აბულაშვილი და აკადემიის სამმართველოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.