ეს პროცესი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური, ეს იყო პირდაპირ ბიძინას დავალება, რადგან დაიჯერა, რომ ის 4 ოქტომბერს აგებს ქართველ ხალხთან, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ სააპელაციო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის საქმის გასაჩივრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დაკავების არავის ეშინია.
“როგორც იცით, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ ლევან ხაბეიშვილის საქმეს არა იმიტომ, რომ ვინმეს სჯერა სააპელაციო სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანს, არა ეს პროცესი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური, ეს იყო პირდაპირ ბიძინას დავალება, რადგან დაიჯერა, რომ ის 4 ოქტომბერს აგებს ქართველ ხალხთან, მან დაინახა, რომ ქართველ ხალხში გამარჯვების რწმენა, არის უდიდესი მუხტი. მან ძალიან კარგად იცის, რომ ხალხი მზად არის რუსთაველზე არა მხოლოდ მისასვლელად, არამედ გამარჯვებისთვის, მშვიდობიანი რევოლუციისთვის, ამიტომ დიახ, ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, შესაბამისად რუდუნებით აარჩიეს ის ზონდერ მოსამართლე, რომლის ქმარიც არის სუს-ის თანამშრომელი, იმ სუს-ის თანამშრომელი, რომელმაც შეკერა ლევან ხაბეიშვილის საქმე და მისი ქმარი გარდა იმისა, რომ სუს-ის თანამშრომელია, ასევე ბრალდებულია და ადანაშაულებენ ამ ადამიანს, რომ როდესაც კასპში ლევან ხაბეიშვილი ხვდებოდა პენსიონერებს, მაშინ როცა მოხდა ძალადობრივი თავდასხმა ქვებით, ამ ადამიანის დავალებით ესროდნენ ქვებს. ამიტომ ყველაფერი გასაგებია, ერთ რამეში ცდებიან ესენი ძალიან, ლევან ხაბეიშვილი, პაატა ბურჭულაძე, ყველა რომ დააკავონ, ყველა პოლიტიკოსი, ყველა ლიდერი, ეს საქმე მივა ბოლომდე, რადგან ხალხის რევოლუციაა, ხალხს უნდა გამარჯვება და 4-ში ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.
რაც შეეხება ცალკეული ვაი პოლიტიკოსების განცხადებას რომ თურმე მსგავსი შინაარსის განცხადებების გამო სხვებსაც დაიჭერენ, არავის არ ეშინია არც მაგათი დაჭერების, არც იმის, რომ სუს-ის ტიტუშკებს დაახვედრებენ და დაგვახვედრებენ და ფიზიკურად გაგვისწორდებიან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიახ, შეთავაზება არის ძალაში 200 ათასი დოლარი ყველა იმ სპეცრაზმელს, ყველა იმ ძალოვანს, ვინც არ ჩაიდენს უკანონობას, ვინც არ დათხრის თვალებს მშვიდობიან დემონსტრანტებს, ვინც ფიზიკურად არ გაუსწორდება, არ დასახიჩრება, არ დააკავებს ადამიანებს, რადგან 4-ში ჩვენ ვემზადებით მშვიდობიანი რევოლუციისთვის, მშვიდობიანი დამხობისთვის, არც ამ სიტყვის არ გვეშინია, თუ დაკავება უნდათ დაგვაკავონ, თუ უნდათ ჯგუფურზე დაგვაკავონ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არაფერს არ შეცვლის ბრძოლისთვის, გეგმა ხალხშია, ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს და ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით.” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.