ევროკავშირის ელჩს ჩვენი სრული ნდობა აქვს და მისი სიტყვები ასახავს რეალობას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერმა განაცხადა. მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები ელჩზე, მაშინ, როცა თავად ავრცელებენ დეზინფორმაციას და პროტესტის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესიებს ახორციელებენ.
"ევროკავშირის ელჩს ჩვენი სრული ნდობა აქვს. მისი სიტყვები ასახავს იმ რეალობას, რაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებობს. ჩვენი გზავნილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ არის ის, რომ უნდა შეწყვიტონ თავდასხმა ჩვენ ელჩზე, რომელიც თავის საქმეს აკეთებს.
სამწუხაროდ, რაც ვნახეთ, ქართული მხარის მხრიდან, არის დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბური მცდელობები და ეს თავდასხმაც აჩვენებს თუ როგორ ხდება იმის დამახინჯება, რაც რეალურად ხდება. რეპრესიები და ძალადობა პროტესტის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქმედებები შეესაბამება იმ ქმედებებს, რასაც ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს იწყება პოლიტიკური დონის და კონტაქტების აბსოლუტური დაქვეითებით, შევამცირეთ ხელისუფლების ფინანსური დახმარება და შევინარჩუნეთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, - განაცხადა ჰიპერმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა მიმართულია არა "ოცნების" ხელისუფლების, არამედ ქართული საზოგადოებისკენ.
ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენ არ ვართ ბრალდებების თამაშში. ჩვენ გვსურს, პირველ რიგში, დავინახოთ რეალური ქმედებები და რეალური დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. შემდეგ უკვე განვიხილავთ, რა ზომები დევს მაგიდაზე და გავაუმჯობესებთ თუ არა ამ ურთიერთობას, - განაცხადა ჰიპერმა.