ელენე ხოშტარიას ნაბიჯი იყო მხოლოდ სოლიდარობის, ართანამშრომლობის, არგარიგების და სისტემის ჩამოშლისკენ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხოშტარიას დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს.
"ერთი რამ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და ამ კრიმინალურმა ბანდამ უნდა იცოდეს, არის შემდეგი - ისინი აუცილებლად დამარცხდებიან. ელენე ხოშტარია და სხვა პოლიტიკოსები, ვინც ახლა ციხეში არიან, არ თანამშრომლობენ რეჟიმთან, სოლიდარულები არიან ყველა პოლიტპატიმრის მიმართ, რომლებიც მანამდე დააკავეს. ელენე ხოშტარიას ნაბიჯი იყო მხოლოდ სოლიდარობის, ართანამშრომლობის, არგარიგების და სისტემის ჩამოშლისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ამ სისტემას, ამ რეჟიმს აუცილებლად ჩამოვშლით. „ქართულმა ოცნებამ“ ერთი რამ უნდა იცოდეს, აუცილებლად ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლოს, სხვა შემთხვევაში, მათ აუცილებლად მოუწევთ იძულებით მათი გათავისუფლება, ვინაიდან ყველ ეს პოლიტპატიმარი არის უკანონოდ დაკავებული და ამ დაკავებაზე არის პასუხისმგებელი ერთადერთი კაცი - ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საქართველოს გარუსება უნდა მისი რუსი წარმომადგენლებით, როგორიცაა კალაძე და სხვები. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ბრძოლა ჩვენს გამარჯვებამდე იქნება“,-განაცხადა თევზაძემ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს.
მანამდე, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერზე დაიტანა წარწერა „რუსული ოცნება“.
შსს-ს ცნობით, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერების დაზიანებასთან დაკავშირებითაა დაკავებული. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.