ეგვიპტეში ახალ პრეზიდენტს 2011 წლის სექტემბრამდე აირჩევენ. "იტარ-ტასის" ცნობით, ამის შესახებ ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ეგვიპტის ხელისუფალის არჩევნები შემოდგომაზე, სავარაუდოდ, სექტემბერში იყო დაგეგმილი. თუმცა ვიცე-პრეზიდენტის თქმით, წინასაარჩევნო კამპანია უკვე ამა წლის ივლისიდან დაიწყება.
"არც მოქმედი პრეზიდენტი, არც მისი ვაჟი ჰამალი, რომლებიც ბევრმა მამის შემცვლელად მიიჩნია, არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებენ",_აღნიშნა სულეიმანმა. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტს არაფერი დაუკონკრეტებია არჩევნებში საკუთარი გეგმის შესახებ. "ხელისუფლებაში როტაციის დასაწყებად დროის უკმარისობა ერთ-ერთ ურთულეს პრობლემად რჩება,"_განაცხადა სულეიმანმა.
ოპოზიციის მოთხოვნა მუბარაქის დაუყოვნებლივ გადადგომასთან დაკავშირებით სულეიმანმა მიუღებლად მიიჩნია. "ეგვიპტელი ხალხისგან მუბარაქის გადადგომის მოთხოვნა უცნაური თხოვნაა, რომელიც რეალურად ქაოსისკენ მოწოდებას ნიშნავს,"_აღნიშნა სულეიმანმა. მისი თქმით, 25 იანვრის მოძრაობა თავდაპირველად დივერსიულად სულაც არ იგეგმებოდა და მომიტინგეების მოთხოვნა კანონიერი იყო. თუმცა ის, რაც მომდევნო დღეებში მოხდა, მათ შორის, არეულობა და თავდასხმები, "ნამდვილი შეთქმულება" იყო.
ომარ სულეიმანი ეგვიპტის საქმეებში სხვა სახელმწიფოთა ჩარევის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეგვიპტის შინაურ საქმეებში ჩარევა და სხვა სახელმწიფოთა მხრიდან ქვეყანაში ცვლილებებისთვის მხარდაჭერა დაუშვებელია. "ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა უცნაურად, მიუღებლად გვეჩვენება, რასაც არ დავუშვებთ,"_აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.
ამასთან, სულეიმანის თქმით, ეგვიპტის სახელმწიფო ძლიერია და ის შექმნილ მდგომარეობას თავს დააღწევს.