რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ლივუ-იონუტ მოშტიანუმ CNN Antena 3-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რუმინული თვითმფრინავები მზად იყვნენ ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონის ჩამოსაგდებად, მაგრამ ის უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდა.
„ის არ ჩამოუგდიათ, რადარმა დააფიქსირა და დაინახა, როგორ შემოდიოდა ჩვენს საჰაერო სივრცეში, თვითმფრინავები ავიდნენ და დაინახეს, ისინი ძალიან ახლოს იყვნენ მის ჩამოგდებასთან.
„დრონი ძალიან დაბლა დაფრინავდა, რაღაც მომენტში ის უკრაინის ტერიტორიაზე გაფრინდა, ეს არის ინფორმაცია, რაც ახლა გვაქვს, რომ დრონმა საჰაერო სივრცე დატოვა და უკრაინაში დაბრუნდა“, - თქვა მოშტიანუმ.
მოშტიანუმ ასევე განაცხადა, რომ რუმინეთის საზღვარზე დრონებით თავდასხმები გახშირდა.
„რუმინეთის საზღვარზე - იზმაილზე, ვალკოვოზე, დობრუჯას ჩრდილოეთ საზღვარზე - სულ უფრო ხშირად ხდება დრონების თავდასხმები, დაახლოებით ყოველ კვირას ჰაერში გვყავს თვითმფრინავები, ჩვენი ან ჩვენი გერმანელი პარტნიორების.
ფაქტობრივად, დღეს, ჩვენი F-16 თვითმფრინავების ჰაერში ასვლის შემდეგ, ჰაერში ორი გერმანული Eurofighter-ის თვითმფრინავიც ავიდა“, - აღნიშნა მინისტრმა.
რუმინეთის ხელისუფლებამ, შაბათს, ტულჩეას ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში შეტყობინება გაავრცელა, რომლითაც მოქალაქეებს საჰაერო სივრციდან ობიექტების ჩამოვარდნის შესაძლებლობის შესახებ აცნობა და უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
შემდგომში, რუმინეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ეროვნულ საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონი ჩაჭრეს, ორი F-16 გამანადგურებელი სასწრაფოდ აფრინდა ფეტეშტის 86-ე საჰაერო ბაზიდან და დრონს იქამდე მიჰყვნენ, ვიდრე ის კილია ვეკეს რადარიდან არ გაქრა.