გერმანიის საელჩო საქართველოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდოს, Free Media Awards-ის მიღებას ულოცავს.
საელჩოს განცხადებით, მზია ამაღლობელი აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში და დაჯილდოვდა ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის, რომლის ფარგლებშიც მან დააარსა ორი მნიშვნელოვანი და სანდო მედიაპლატფორმა – ბათუმელები და ნეტგაზეთი.
"აღნიშნული ჯილდო მზიას გამბედაობის, ლიდერობის, სიტყვისა და მედიის თავისუფლების ურყევი დაცვის დამსახურებული აღიარებაა. ეს პრემია, განსაკუთრებული სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე გარემოში, ფაქტებზე დაფუძნებული, კრიტიკული ჟურნალისტიკის შექმნაში მისი უდიდესი წვლილის დადასტურებაა.
ამჟამად მზია ამაღლობელი საქართველოში 2-წლიან სასჯელს იხდის.
გულწრფელად ვულოცავთ მზიას ამ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ჯილდოს. მისი საქმიანობა დღემდე შთაგონების წყაროა არაერთი ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
პრემია Free Media Awards-ი დაარსებულია ნორვეგიული ფონდის The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ.