ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით. ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, საგრანტო კონკურსზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ პროექტები, რომლებიც გარემოს დაცვას შეეხება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 9 დეკემბერი.
ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, ადამიანები თავიანთი ქმედებებით მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენენ საქართველოს ბუნებაზე. ზემოხსენებულმა ზეგავლენამ თავი იჩინა გარემოს დეგრადირების სხვადასხვა ასპექტში, როგორიც არის დაბინძურების დონის ზრდა, საძოვრების და ტყეების გაქრობა, ბიომრავალფეროვნების შემცირება და ბუნებრივი კატასტროფების მოჭარბება.
პროგრამის მიზანია, მხარი დაუჭიროს ბუნებრივი რესურსების გამოყენებას სხვადასხვა პროექტის განხორციელების გზით, რომელთა მიზანია გარემოს შენარჩუნება.
განაცხადში შეიძლება შეთავაზებული იყოს რომელიმე პრიორიტეტული გარემოსდაცვითი სფერო, როგორიც არის წყლისა და ნიადაგის დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ტყეების გამოყენება, ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია და სხვ.
პროექტები შეიძლება რომელიმე გეოგრაფიულ ტერიტორიაზე იყოს ორიენტირებული და სპეციფიკური ეკოსისტემების საჭიროებებს აკმაყოფილებდეს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობაა 6-დან 18 თვემდე. საგრანტო დაფინანსების ქვედა ზღვარია 20,000 აშშ დოლარი, ზედა - 100,000 აშშ დოლარი.
ობიექტური და არადისკრიმინირებული შერჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად, განაცხადებს დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭო განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტის მინიჭების თაობაზე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მიიღებს.