ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი აჰმად შაფიქი, პრეზიდენტ ხოსნი მუბარაქის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის მომხდარი შეტაკების გამო საჯაროდ ბოდიშს იხდის. შეტაკებების შედეგად მუბარაკის 5 მოწინააღმდეგე დაიღუპა, ხოლო ასეულობით დაიჭრა.
"ეს იყო ფატალური შეცდომა. პირობას ვდებ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს, უმკაცრესად დაისჯებიან. არავითარი საბაბი არ არსებობდა იმისთვის, რომ მუბარაქის მომხრეები მათ მოწინააღმდეგეებს თავს დასხმოდნენ. კრიზისის დროზე დასამთავრებლად, მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, წავიდნენ სახლებში", - განაცხადა აჰმედ შაფიქმა ტელეარც "ალ ჰაიატში".
შეტაკება კაიროს ცენტრში, ტაჰირის მოედანზე, 2 თებერვალს მოხდა. მუბარაქის მომხრეები მოწინააღმდეგეებს თავს დაესხნენ ხელკეტებით, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს.
კაიროს ქუჩებში ანტისახელისუფლებო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ მუბარაქის სასწრაფოდ გადაყენებას მოითხოვენ. მუბარაქმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სექტემბრამდე პოსტის დატოვებას არ აპირებს. სექტემბერში ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, სადაც მონაწილეობის მიღებას მუბარაქი არ აპირებს. ეგვიპტეში მთავრობის შეცვლის მოწოდებით ევროკავშირის ლიდერებიც გამოდიან.
25 იანვრის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს გაეროს მონაცემებით 350 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჰოსნი მუბარაქი 30 წელია ეგვიპტეს მართავს.