დანიის სასამართლომ ტერორიზმში დამნაშავედ ცნო სომალელი, რომელიც დანიელ მხატვარ კურტ ვესტერგორდს მუჰამედის კარიკატურის დახატვის გამო თავს დაესხა. "ბი-ბი-სის" ცნობით, ქალაქ ორხუსის სასამართლო ამ საქმესთან დაკავშირებით განაჩენს 4 თებერვალს გამოიტანს.
შეგახსენებთ, 2010 წლის 2 იანვარს ნაჯახითა და დანით შეიარაღებული სომალელი ემიგრანტი კურტ ვესტერგორდის სახლში შეიჭრა და მხატვარზე თავდასხმა სცადა. თუმცა კარიკატურისტმა თავის გადარჩენა შეძლო და საკუთარ ოთახში მოწყობილ სპეციალურ საფარში დაიმალა.
ცნობისთვის, კურტ ვესტერგორდი გამონაკლისი არაა. მუჰამედის გაშარჟების გამო ანგარიშსწორებით სხვა კარიკატურისტებსაც ემუქრებიან. 2010 წლის მარტში ირლანდიელმა პოლიციელებმა შვიდი ადამიანი დააკავეს, რომლებიც შვედი კარიკატურისტის ლარს ვილკსის მკვლელობას გეგმავდნენ. დაკავებულები მუსულმანები აღმოჩნდნენ - ოთხი მამაკაცი და სამი ქალი. მხატვარ-კარიკატურისტმა ლარს ვილკსმა წინასწარმეტყველი მუჰამედი ძაღლის სახით წარმოსახა, რომელსაც ადამიანის თავი ჰქონდა. მუჰამედთან დაკავშირებული კარკატურების დახატვას უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში 50 კაცი შეეწირა.