რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს ენერგეტიკისა და გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უკრაინის ექვს რეგიონში - სუმის, პოლტავას, დონეცკის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს.
„მიმდინარეობს ზარალის შეფასება. ადგილზე საგანგებო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ ოთხშაბათს, 27 აგვისტოს დილით.
უწყების განცხადებით, რუსეთი აგრძელებს „უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების განზრახ პოლიტიკას, რაც წარმოადგენს „ენერგოტერორის კიდევ ერთ აქტს, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოსალეობის წინააღმდეგ“.
მათივე ცნობით, დრონის დარტყმამ დააზიანა აღჭურვილობა სუმის ერთ-ერთ მთავარ ქვესადგურზე, რის შედეგადაც ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი და სამრეწველო მომხმარებლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
„გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა პოლტავის რეგიონში, სადაც რუსებმა განზრახ შეუტიეს გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის ობიექტებს“, - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ.
ხერსონში, ღამით რუსული დარტყმების შედეგად, 81 წლის ქალი დაიღუპა და კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა, იტყობინება ხერსონის რეგიონული პროკურატურა.
„დაიწყო წინასწარი გამოძიება ომის დანაშაულის ფაქტებზე, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“, - განაცხადა პროკურატურამ.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 27 აგვისტოს ღამეს, რუსებმა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 95 თავდასხმის დრონით შეუტიეს კურსკიდან, როსტოვის ოლქის მილეროვოდან, კრასნოდარის ოლქის პრიმორსკო-ახტარსკიდან და ანექსირებული ყირიმიდან.
წინასწარი მონაცემებით, უკრაინულმა დანაყოფებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით 74 მტრის დრონი გაანადგურეს ან ჩაახშეს.