მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. იგი აცხადებს, რომ მას რუსეთიდან გაძევებას უპირებენ. ლუჟკოვის სატელეფონო ინტერვიუს გაზეთი "The Financial Times" აქვეყნებს.
როგორც ზალცბურგში მყოფმა მოსკოვის ყოფილმა მერმა განაცხადა, კრიტიკოსების მხრიდან თავდასხმის მიუხედავად, იგი ემიგრაციაში წასვლას მაინც არ აპირებს.
"მოსკოვში დავრჩები და ჩემი სახელისა და პატივისთვის ვიბრძოლებ,"_აღნიშნა ლუჟკოვმა.
ამასთან, მან დაადასტურა, რომ დიდ ბრიტანეთშიც აპირებს ჩასვლას, რათა მეუღლე და ბავშვები მოინახულოს. თუმცა, იქვე დაამატა, რომ რუსეთში კვლავაც დაბრუნდება.
ყოფილი მერი კონტროლის პალატის ბრალდებებსაც გამოეხმაურა მის მიერ 230 მილიარდი რუბლის გაფლანგვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ციფრებია.
"ასეთი თანხა მართლაც რომ დაკარგულიყო, ამის დადგენა იოლი იქნებოდა. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა. ამ საშინელი ციფრით მათ საზოგადოების შოკირება სურთ,"_აღნიშნა ლუჟკოვმა.