აშშ იმედოვნებს, რომ წლის განმავლობაში რუსეთთან ტაქტიკური ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა, რომელმაც თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. მოსკოვში რუსეთთან ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების გაგონებაც კი არ უნდათ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მოსკოვს ჯერ ჯერობით არ გამოუთქვამს სურვილი ამგვარი ხელშეკრულების განხილვის დაწყებისა", _ წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი რუსეთში უახლოეს პერსპექტივაშიც კი არ განიხილება.
"ჩვენ ამ სფეროში რაიმე სახის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივასაც კი არ განვიხილავთ, მით უფრო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ წარიმართება რატიფიცირებული თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების რეალიზაცია.
მანამ ვიდრე ჩვენ არ დავინახავთ თუ როგორ სრულდება მხარეთა მიერ უკვე ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები ეს საკითხი საერთოდ არააქტუალური და უდროოა. ახლა დროა საჭირო იმისათვის, რომ უკვე ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებით პირველი გამოცდილება მივიღოთ", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი რიაბკოვი.
მასალის გამოყენების პირობები