აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნიაზ ზოსიძე ჩოლოქის ყოფილი მეურნეობის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა.
საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვა, ამორტიზებული საავტომობილო გზა, დასახლებასთან რამდენიმე მეტრში ნაგავსაყრელის არსებობა და გაუმართავი ელექტროგაყვანილობა - ეს ის საკითხებია, რომლის მოგვარებასაც ჩოლოქის ყოფილ მეურნეობაში მცხოვრებლები ითხოვენ.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, აღნიშნულ პრობლემებთან ერთად მთავარ პრობლემას დასახლების გაურკვეველი სტატუსი წარმოადგენს, რადგან მათთვის დღემდე უცნობია ჩოლოქის მეურნეობის დასახლება ქალაქს ეკუთვნის თუ სოფელს.
"აღნიშნული დასახლება ბედის ანაბარაა მიტოვებული და ოცდამეერთე საუკუნეში მოსახლეობის მსგავს მდგომარეობაში ყოფნა მიუღებელია," _ აღნიშნა ნიაზ ზოსიძემ და მოსახლეობას დაპირდა მათი პრობლემების აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დროულად მიტანას.