ფრონტზე არსებული ვითარება ამჟამად ძალიან რთულია და ხასიათდება რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის გაგრძელებით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ამჟამად მტერი გადაჯგუფდება და ორ მთავარ მიმართულებაზე კონცენტრირდება. ეს არის პოკროვის მიმართულება, რომელიც რუსებისთვის გადამწყვეტი რჩება. ახლა კი მტერს თავის დანაყოფებს სუმიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაჰყავს. ანუ ეს იქნება მეორე მიმართულება, რომლითაც მტერი აქტიური შეტევითი მოქმედებების დაწყებას გეგმავს“, - აღნიშნა მთავარსარდალმა.
სირსკის თქმით, დღეის მდგომარეობით, ზაპოროჟიეს მიმართულებით დაბალი ინტენსივობის მოქმედებები გრძელდება, თუმცა ოკუპანტები ცდილობენ იქ ძლიერი დარტყმის განხორციელებას, რაც ერთი წლის წინ იყო დაგეგმილი.
„გახსოვთ, რომ კურსკის ოპერაციამ მათი გეგმები ჩაშალა...“ - თქვა სირსკიმ.
მან დასძინა, რომ მტერმა თავისი ჯარების უმეტესობა, მათ შორის 76-ე საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე დივიზია, კურსკის მიმართულებით გადაიყვანა.
„ამიტომ, სიტუაცია რთულია, ხასიათდება მტრის მხრიდან მუდმივი თავდასხმებით. პოკროვის მიმართულებით ყოველდღიურად მტრის ორმოცდაათამდე თავდასხმის ფაქტი ფიქსირდება. ამჟამად ეს ფრონტის ყველაზე რთული მონაკვეთია“, - აღნიშნა სირსკიმ.