უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის ალასკაში დაგეგმილ შეხვედრამდეც კი, აგრძელებს უკრაინის რეგიონებზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.
„მე ვიღებ ცნობებს ჩვენი დაზვერვისგან, დიპლომატებისგან ალასკაში შეხვედრისთვის მზადების შესახებ, იმის შესახებ, თუ რას აპირებს პუტინი.
ასევე ვიღებთ ცნობებს უკრაინის რეგიონებიდან რუსეთის დარტყმების შესახებ. სუმი - რუსეთის დარტყმა ცენტრალურ ბაზარზე.
დნიპრიპეტროვსკის ოლქი – თავდასხმები ქალაქებსა და საწარმოებზე. ზაპოროჟიე, ხერსონი, დონეცკის ოლქი – მიზანმიმართული რუსული თავდასხმები.
ომი გრძელდება. ის გრძელდება ზუსტად იმიტომ, რომ არ არსებობს არა მხოლოდ ბრძანება, არამედ არც მოსკოვის მიერ ამ ომის დასრულების მზადების სიგნალები, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
პრეზიდენტის თქმით, „მოლაპარაკებების დღეს ისინი [რუსები] ისევე კლავენ“ და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
„ერთი დღით ადრე, ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპელებთან განვიხილეთ, თუ რამ შეიძლება რეალურად იმუშაოს. ყველას სჭირდება ომის სამართლიანი დასრულება. უკრაინა მზადაა, ომის დასასრულებლად მაქსიმალურად პროდუქტიულად იმუშაოს. ჩვენ ამერიკის მტკიცე პოზიციის იმედი გვაქვს. ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული “, - აღნიშნა ზელენსკიმ.