გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანში სასმელ წყალს მატლები და წურბელები მოჰყვება. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ შესაძლოა, სხადასხვა სახის დაავადებები გავრცელდეს.
წყალმომარაგების ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ყიტაანში სასმელი წყალი რამდენიმე წელია არ დაქლორილა. ამასთან ერთად, დაზიანებულია წყალგაყვანილობის მილები, საიდანაც სასმელი წყალი ბინძურდება. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის ლაბორატორიაში წყლის შემოწმების შედეგად დამტკიცდა, რომ იგი სასმელად აბსოლუტურად უვარგისია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს. „აღმოსავლეთ წყალის" გურჯაანის სამსახურში კი განაცხადეს, რომ არსებული პრობლემის გადაჭრა მათ არ ეხებათ.