მისასალმებელია მცდელობა, რომ ანგარიშებიდან შეძლებისდაგვარად პოლიტიკური მდგენელი იყოს გამოტანილი. თუ შევადარებთ გასული წლების ანგარიშს, ვნახავთ ბევრად მკვეთრად შემცირებულ პროპაგანდისტულ ხაზს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„გადაამოწმონ ოფიციალურ პირებთან და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ შესაბამისი განცხადებები. ჩვენ მზად ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. იცით, რომ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ტერორიზმის მიმართულებით და ეს ანგარიშებიც არის ტერორიზმის, ტრეფიკინგის მიმართულებით. თუ მათ აქვთ სურვილი, რომ სიმართლითა და ფაქტებით გააკეთონ განცხადებები, ჩვენ დიდი სიამოვნებით მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის. მივესალმებით იმ პოზიტიურ შეფასებებს, რომელიც არის ნახსენები ამ ანგარიშში, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს ძალისხმევა და მცდელობა, რომ მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად იყოს გამოძიებული ყველა ტიპის საქმე. თუმცა, საერთო ჯამში, ვთვლით, რომ არის არაერთი მონაკვეთი, რომელიც ეფუძნება არა ფაქტებს, არამედ აღქმებსა და შთაბეჭდილებებს. როცა საუბარი გვაქვს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც, მისი დღევანდელი ხელმძღვანელის შეფასებით, ჯერ კიდევ არის რეფორმირების პროცესში და ჯერ არ არის დასრულებული ამ ორგანიზაციის გაწმენდა იმისგან, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უწოდებს „დიფ სთეითს“. ამიტომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს მსგავსი ტიპის ანგარიშები, რომელიც ეფუძნება ხშირად არა ფაქტებს, არამედ აღქმებს“, – განაცხადა მახაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანთა უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ძირითადად საუბარია თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე, საპოლიციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე და სახელისუფლებო რეპრესიებზე, მათ შორის, ქვეყანაში მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ.