უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების განხილვისას რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებზე არ წავა, თუმცა მზადაა რეალური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც სამართლიან და მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკვე არის უკრაინის კონსტიტუციაში. არავინ გადაუხვევს და არც შეუძლია გადაუხვიოს ამას . უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ გადასცემენ “, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა რეალური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის მოტანა.
„ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს, თუ რას ნიშნავს ღირსეული მშვიდობა. ეს ომი უნდა დასრულდეს და რუსეთმა უნდა დაასრულოს ის. რუსეთმა დაიწყო ის და აჭიანურებს, არ ითვალისწინებს ვადებს და ეს არის პრობლემა და სხვა არაფერი,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე ნებისმიერი შეთანხმება „მკვდარი გადაწყვეტილებაა“ და მშვიდობას არ მოიტანს.
მან ხაზი გაუსვა მზადყოფნას, ითანამშრომლოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან მშვიდობის მისაღწევად, რომელიც „მოსკოვის სურვილის გამო არ დაინგრევა“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება.
„საუბარია ტერიტორიებზე, რომელთა გამოც სამწელიწადნახევარია სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და ბევრი უკრაინელისა და რუსის სიცოცხლე შეიწირა. ახლა დაგეგმილია ამ მიწების ნაწილის დაბრუნება და ორმხრივი გაცვლის განხორციელება. პროცესი რთულია, მაგრამ ჩვენ დავაბრუნებთ ტერიტორიების ნაწილს, გარკვეულ გაცვლებს განვახორციელებთ და ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.