რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტი უიტკოფს, ლენინის ორდენი გადასცა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ციფრული ინოვაციების დირექტორის მოადგილის, ჯულიან გლოსისთვის.
მისი ვაჟი, 21 წლის ამერიკელი მაიკლ გლოსი, რომელმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და უკრაინაში იბრძოდა, 2024 წელს დაიღუპა.
CBS News-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა უიტკოფს ჯილდო რამდენიმე დღის წინ, რუსეთში ვიზიტის დროს გადასცა.
როგორც მედია აღნიშნავს, „ფსიქოლოგიური თამაშებით ცნობილი“ პუტინის ჟესტი, სავარაუდოდ, იმის ხაზგასასმელად იყო მიმართული, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის შვილი ამ ომში რუსეთის მხარეს იბრძოდა.
ორმა წყარომ CBS News-ს განუცხადა, რომ არ არსებობდა არანაირი ნიშანი იმისა, რომ გლოსი რუსეთის ხელისუფლებამ დაიქირავა და რომ კრემლმა გლოსის ოჯახური კავშირების შესახებ იცოდა, როდესაც მისი ნეშტი სამშობლოში გადაასვენეს.
თეთრი სახლის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და უიტკოფის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ასევე რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა, რომელსაც CBS News დაუკავშირდა, ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადა.
ამასთან,კრემლმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯილდოს შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს.
გამოცემა „ვაჟნიე ისტორიის“ ცნობით, 21 წლის მაიკლ გლოსს რუსული პასპორტის მიღება და გარემოსდაცვით პროექტებზე მუშაობა სურდა. მან სწავლა მიატოვა და 2023 წლის 13 აგვისტოს საქართველოს გავლით რუსეთში მოხვდა. ჯერ ვლადიკავკაზში ჩავიდა, შემდეგ კი - მოსკოვში.
მაიკლ გლოსის ოჯახის თქმით, ის 2024 წლის 4 აპრილს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ნეკროლოგში არ არის ნახსენები, რომ ის უკრაინაში იბრძოდა რუსეთის მხარეს. მისი სიკვდილის დეტალები უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ დროს მისი პოლკი დონეცკს უტევდა.