„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი, რომელიც ხვალ, 8 აგვისტოს უნდა გამოცხადებულიყო, მეორედ გადაიდო.
ინფორმაცია გიგაურის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი თქმით, ზუსტი დრო ამ ეტაპზე არ იცის, თუმცა, ვარაუდობს, რომ განაჩენი ორშაბათს ან სამშაბათს გამოცხადდება.
გუშინ დავპოსტე, რომ გიგაურის საქმეზე 8 აგვისტოს 10:30 საათზე ჩაინიშნა პროცესი, რომელზეც განაჩენი გამოცხადდებოდა.
აღარ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ შემადგენლობიდან დამიკავშირდნენ და უკვე მეორედ გაუქმდა ჩანიშნული პროცესი.
სავარაუდოდ ანატოლი გიგაურის პროცესი, რომელზეც განაჩენი გამოცხადდება გაიმართება ორშაბათს ან სამშაბათს. თარიღს და დროს უახლოეს დღეებში დააზუსტებენ,- წერს ადვოკატი.
ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.