"გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი, წაშალეთ საქართველოს ისტორიიდან ეს სამარცხვინო ფურცელი, ჩამოხსენით ქვეყანას უსამართლობის ტვირთი. გონს მოდით, რომ არ დაგატყდეთ სამართლიანი ღმერთის რისხვა თქვენ და მთელ თქვენს შთამომავლობას. ღმერთი უფრო მკაცრია ვიდრე თქვენ გონიათ" - წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი პროცესი იმართება.
გამოძიება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა.