ბობ მეიერი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე განცხადებას ავრცელებენ.
„ბატონმა ბობ მეიერმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC) სამეთვალყურეო საბჭომ გაავრცელეს წინამდებარე განცხადება, საქმეზე „ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ“ (ICSID-ის საქმე # ARB/20/28), საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების პასუხად. ბატონი მეიერის სარჩელი საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეტანილ იქნა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დადებული „ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების (BIT) საფუძველზე. ბატონი მეიერის სარჩელი მიზნად ისახავდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (ADC) თავისი ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით ADC-სთან დადებული ინვესტიციის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. 2025 წლის 30 ივლისს, ICSID-ს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბატონი მაიერის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების და საარბიტრაჟო პროცედურების კონკრეტული დეტალები კონფიდენციალურია“, – აღნიშნულია ანაკლიის პორტის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
განაცხადებაში ბობ მეიერი აღნიშნავს, რომ ICSID-ს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ტრიბუნალმა განიხილა მხოლოდ ვიწრო საკითხი, იყო თუ არა საქართველოს მთავრობა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში უფლებამოსილი, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება.
„მე გადავწყვიტე, განმეხორციელებინა ინვესტიცია ADC-ში და ანაკლიის პორტის პროექტში, რადგან ვხედავდი საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს, გამხდარიყო რეგიონული ეკონომიკისა და გლობალური ვაჭრობის წამყვანი ცენტრი. ასევე, ყოველთვის მქონდა აბსოლუტური ნდობა ჩემი პარტნიორების – ADC-ს ინვესტორების პატიოსნებისა და ხედვის მიმართ, და გვჯეროდა ჩვენი საერთო უნარის, განგვევითარებინა ეს პორტის პროექტი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობა სათანადო როლს ითამაშებდა მისი განვითარების ხელშეწყობაში“, – ნათქვამია ბობ მეიერის განცხადებაში.
თავის მხრივ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აღნიშნავს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ICSID-ს გადაწყვეტილება სამწუხაროა, ის არ ცვლის მთავარ ფაქტს – მთავრობამ სრულად დაარღვია თავისი მრავალწლიანი დაპირება ანაკლიის განვითარების შესახებ“.
„საინვესტიციო ხელშეკრულების ADC-სთან შეწყვეტიდან სულ რამდენიმე კვირაში „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაიწყო ხუთწლიანი ცარიელი რიტორიკა და შეუსრულებელი დაპირებები ანაკლიის პორტის აშენების შესახებ. დღეს კი, ხუთი წლის შემდეგ არ არსებობს ხელმოწერილი ხელშეკრულება არცერთ ინვესტორთან, მით უმეტეს, არ არის დაწყებული მშენებლობა.
ამ მთავრობას რომ შეესრულებინა თავისი ვალდებულებები და დახმარებოდა ADC-ს, ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს ქართველებისთვის, გააძლიერებდა ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვან რგოლად აქცევდა. ასე რომ მოქცეულიყო, ეს მთავრობა მსოფლიო არენაზე ანგარიშგასაწევ ძალად იქნებოდა აღქმული, და არა იმ იზოლირებულ ფიგურად, რაც რეალურად გახდა“, – ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაში.
ამასთან, ანაკლიის პორტის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია: „ADC არის კონსორციუმი შემდგარი „თიბისი ჰოლდინგ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International-ის (ნიდერლანდები), ბრიტანული Wondernet Express-ის, რომელიც საქმიანობს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, შპს G-Star-ის (ბულგარეთი), „Conti International“-ის (აშშ) და ბატონი მეიერისგან. 2020 წლის ივლისში ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურება. ხელშეკრულებით ADC-ს მინიჭებული ჰქონდა ანაკლიის პორტის განვითარების უფლება. ხელშეკრულების შეწყვეტას წინ უძღოდა ძლიერი, პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია, რათა ძირი გამოეთხარათ ADC-ს და მისი ინვესტორებისთვის და წინ აღდგომოდნენ ADC-ს ძალისხმევას, განევითარებინა პროექტი საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად. 2024 წლის ივლისს ICC-ს წესებით მიმდინარე არბიტრაჟში ADC-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბატონმა მეიერმა, ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ცალკე საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა ICSID-ს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, მის მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ADC-ს და ბატონი მეიერის იურიდიული წარმომადგენლები არიან გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბ-ნი ენდი მუდი ლონდონიდან, Baker McKenzie-ის პარტნიორი და ქალბატონი ქეთევან ქვარცხავა თბილისიდან, იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი“.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. მათივე ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.