საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლოს ეხმიანება, რომელიც პირველ აგვისტოს გაიმართება.
"1 აგვისტო ამ ქვეყნის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერება როგორც გზასაყარი. იქნება საქართველო 2025 წლის პირველ აგვისტომდე და პირველ აგვისტოს შემდეგ.
იმაზე თუ როგორ ჩაეწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე, რომელიც ამდენ გმირს, პატრიოტს, ამდენ წმინდანს, ამდენ ღირსეულ ქვეყნის სამსახურში სულდალეულ შვილს ითვლის, პასუხისმგებელი იქნება ყველა, ვინც მონაწილეობას იღებს საბოლოო გადაწყვეტილებაში. ერთი კონკრეტული მოსამართლედან დაწყებული (რა ფულმა უნდა ჩამორეცხოს სახელის ესოდენ დისკრედიტაცია), ერთი ლოყაგალეწილი პოლიციელის ჩათვლით (ის ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც გაწითლებული ლოყის მქონე, ოღონდ სირცხვილისგან კი არა, არამედ არაკაცობისგან გაწითლებული, ვით ლოყაზე დასმული წარუშლელი ლაქა), და მმართველი გუნდის ყველა წევრით, ივანიშვილი, კობახიძეებით ….
ისტორია უმკაცრესი რამაა, უკვდავი და მუდმივი მხოლოდ მისი განაჩენია!
კერ კიდევ ერთი ბეწო იმედი დაგვრჩენია, რამე შერჩენილი ადამიანობის გაღვიძებისა (ქრისტიანები თუ ვართ, სავლე და პავლე მაინც უნდა გვახსოვდეს), მაგრამ პირველი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს.
ეს დღე ყველას ეხება და ყველას ლუსტრაცია იქნება: ან სამართალის მხარეს ხარ, ან შეკერილი, მოგონილი საქმის და ტოტალური უსამართლობის. აქ ტყუილი ბრალდებები ვერ გაჭრის: მზიას ნაცების მომხრედ, გადატრიალების მომხრედ ან ვინმეს აგენტად ვერ მონათლავ!
და ვინც უყურებს, ამ ერთ ქალს როგორ არაფრის გულისთვის (თუმცა ღირსების დაცვა არაფერი არ არის) აწამებენ, ან ხედავ და გესმის, რას უკეთებენ ხალხსა და ქვეყანას, ან ბრმა და ყრუ ხარ და ყველაფერზე დახუჭავ აწი თვალს, სანამ შენ არ შეგეხებიან… უკვე გვიან, ძალიან გვიან იქნება!
აქეთ კი, დღეს ჩვენ, ვინც მზიას მხარეზე ვართ, სამართალისთვის ვიბრძვით და საქართველოს ღირსეული წარსულისა და მომავლის მხარეს ვართ, და ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ!
პირველი აგვისტო 2025" - წერს ზურაბიშვილი.