ამერიკელმა კოლინ ლაროუზმა, მეტსახელად "ჯეინ-ჯიხადმა", ფილადელფიაში საკუთარი საქმის მოსმენის დროს ტერორიზმში დამნაშავედ ცნო თავი.
47 წლის ქალბატონს ბრალს სდებენ, რომ იგი შვედი კარიკატურისტის ლარს ვილკსის მოკვლას აპირებდა. ამ უკანასკნელმა მუჰამედის კარიკატურა დახატა.
ლაროუზი აშშ-ის სამართალდამცავმა ორგანოებმა 2009 წლის ოქტომბერში ევროპიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს. 2010 წლის მარტში მას ოფიციალური ბრალდება წაუყენეს. არაა გამორიცხული, "ჯეინ-ჯიხადს" სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.
"ჯეინ-ჯიხადის" გარდა ამ საქმეში ბრალეულია ამერიკის მეორე მოქალაქეც, 31 წლის ჯეიმი პეილინ რამირესი, რომელიც ლაროუზმა მხატვარ-კარიკატურისტის მოკვლის მიზნით გადაიბირა. იგი 2010 წლის აპრილში დააპატიმრეს და 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, მუჰამედის კარიკატურის დახატვის გამო შვედმა კარიკატურისტმა ლარს ვილკსმა მთელი მსოფლიოს მუსულმანთა რისხვა დაიმსახურა.