ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას აზრით, ეგვიპტეში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
"ვინ იქნება ეგვიპტის ლიდერი, ეს მხოლოდ ეგვიპტელი ხალხის გადასაწყვეტია. მმართველობის ცვლილება უნდა მოხდეს მშვიდობიანად. ცვლილებით უნდა დაიწყოს ახალი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში. უფრო მეტიც, ცვლილებების პროცესში ეგვიპტელი ხალხისა და ოპოზიციის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, სადაც აირჩევენ ისეთ მთავრობას, რომელიც დემოკრატიული პრინციპებით იხელმძღვანელებს და ხალხის აზრს გაითვალისწინებს", - განაცხადა ბარაკ ობამამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ეგვიპტეში კი პრეზიდენტ მუბარაქის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა იქამდე (სექტემბრამდე) პოსტიდან გადადგომას არ აპირებს, სწორედ შეერთებული შტატების ნაკარნახევად აფასებენ და ამის გამო ოფიციალურ ვაშინგტონს მკაცრად აკრიტიკებენ.