სირიის ქალაქ სუვეიდაში შეიარაღებული შეტაკებები სრულად შეწყდა. შესაბამისი განცხადება სირიის გარდამავალ მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნურედინ ალ-ბაბამ გააკეთა. იუწყება SANA.
„ამჟამად, სუვეიდაში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების მებრძოლები აღარ არიან და ქალაქში შეტაკებები შეწყდა“, - თქვა ალ-ბაბამ.
შაბათს სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ სუვეიდაში აცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
თავის მხრივ, სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ალ-შარაა შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე ვაშინგტონის მხარდაჭერით.
ბარაკმა, რომელიც ასევე სირიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელია, განაცხადა, რომ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს თურქეთმა, იორდანიამ და სხვა მეზობელმა ქვეყნებმა.
ზავი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ოთხშაბათს სირიაში საჰაერო დარტყმები განახორციელა, რომლებიც, ისრაელის თქმით, მისი რელიგიური უმცირესობების დაცვას ისახავდა მიზნად.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, სირიაში, სუვეიდას პროვინციაში დრუზ მებრძოლებსა და ბედუინთა ტომებს შორის რამდენიმედღიანი სამხედრო დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა.
ისრაელის მთავრობამ ადრე განაცხადა, რომ სირიაში დრუზების თემს „პოტენციურ მოკავშირედ“ მიიჩნევს და მის დაცვას გეგმავს.
16 ივლისს, ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე.
17 ივლისს სირიელმა სამხედროებმა სუვეიდიდან გასვლა დაიწყეს. სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დამასკოზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.