რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთი წლების განმავლობაში გულგრილი იყო რუსეთის ინტერესების მიმართ.
ამის შესახებ კრემლის მეთაურმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა. წერს რუსული სამთავრობო სააგენტო ტასი“.
მისი თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ნორმალურ ურთიერთობებს გეოპოლიტიკური ასპექტი უშლის ხელს, თუმცა, მისი თქმით, ადრე ჩანდა, რომ ეს სსრკ-ის კომუნისტური იდეოლოგია იყო. მისი თქმით, თავადაც ასე ფიქრობდა.
„ბევრი ადამიანი მიიჩმევდა, და მეც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მჯეროდა, რომ მთავარი წინააღმდეგობები იდეოლოგიური ხასიათისაა“, - აღნიშნა პუტინმა.
თუმცა, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც კი, „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების უგულებელყოფა კვლავ გაგრძელდა. ეს დაკავშირებული იყო გარკვეული გეოპოლიტიკური უპირატესობების მიღწევის აშკარა სურვილთან. უფრო მეტიც, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, მაშინვე ყველაფერი არ მესმოდა“, - თქვა პუტინმა.
კრემლის მეთაურის თქმით, რუსეთის პოზიციის მიტანის ყველა მცდელობის მიუხედავად, დასავლეთი მისი ინტერესების მიმართ გულგრილი დარჩა.
„ჩემთვის აშკარა გახდა, რომ იდეოლოგიას, ალბათ, გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მაინც, ყველა ამ წინააღმდეგობის საფუძველში გეოპოლიტიკური ინტერესები დევს. ეს არის მთავარი“, - აღნიშნა მან.
პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვმა, დასავლეთს „ბევრი რამ შესთავაზა - როგორც სტრატეგიული შეტევითი იარაღის, ასევე სარაკეტო თავდაცვის სფეროში“, მაგრამ, მისი თქმით, ყველაფერი უარყოფილი იყო.