რეზოლუცია ევროპარლამენტის მიერ გაგონილი ქართველი ხალხის ხმაა, როგორც [ქვეყანაში არსებული] ვითარების შეფასებაზე, ასევე, ამ ვითარებიდან გამოსვლაზე - ამით ვერდიქტი დაუსვა „ქართულ ოცნებას“ და უდიდესი მხარდაჭერა გამოხატა ყველა იმ პოზიციის მიმართ, რომელიც რუსთაველზე და ჩვენს ამ დიდ პროევროპულ, პროქართულ ბრძოლაში ისმის,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„[ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი] არ არის ჩემი სიტყვები, არ არის კოალიციის სიტყვები, ეს არ არის ოპოზიციური პარტიების სიტყვები, ეს არ არის რუსთაველზე მდგომი ადამიანების სიტყვები, ეს არის ევროპარლამენტის მიერ გაგონილი ქართველი ხალხის ხმა, როგორც ვითარების შეფასებაზე, ასევე, ამ ვითარებიდან გამოსვლაზე. ევროპარლამენტმა მიიღო 2-წლიანი შეფასების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და ვერდიქტი დაუსვა როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე უდიდესი მხარდაჭერა და პრაქტიკულად, უდიდესი პატივისცემა გამოხატა ყველა იმ პოზიციის, შეგრძნების, აზრის მიმართ, რომელიც ისმის რუსთაველზე და ჩვენს ამ დიდ პროევროპულ, პროქართულ ბრძოლაში.
აქვე, ამ რეზოლუციაში საუბარია „ქართული ოცნების“ მიმართ კონკრეტულ სადამსჯელო გადაწყვეტილებებზე, საკმაოდ მტკივნეულზე. ევროპა გამოხატავს მოქმედების მზაობას. ამიტომ, ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი პროდასავლური, ჩვენი პროქართული, პროეროვნული საერთო ეროვნული ბრძოლის. ყველა ადამიანმა, რომელიც იბრძვის, იქნება ის ახლა ციხეში და საკნიდან გვიყურებს, იქნება რუსთაველზე, სასამართლოს ეზოში თუ ნებისმიერ ადგილას, უნდა იცოდეს, რომ ყველა თქვენს მოქმედებას აქვს უდიდესი აზრი იმიტომ რომ ის ესმის მსოფლიოში, ევროპაში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.