შვეიცარიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰაიტის ყოფილ დიქტატორს ჟან-კლოდ დუვალიეს ანგარიში დაუბლოკა.
შვეიცარიაში დღეს ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც პოლიტიკურად მნიშვნელოვან პირთა ანგარიშებს არეგულირებს.
როგორც შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, კანონი იმ სირთულეების გამო მიიღეს, რომელიც დიქტატორების მიერ მოპარული თანხების დაბრუნების გამო შეიქმნა. მათ რიცხვს განეკუთვნებოდნენ ზაირის ყოფილი მმართველი მობუტუ სესე სეკო კუკუ ნგბენდუ ვა ზა ბანგა და ჰაიტის დიქტატორი ჟან-კლოდ დუვალიე.
თითქმის 6 მილიონი დოლარი, რომელიც დუვალიეს ოჯახმა შვეიცარიის ბანკში განათავსა, ჯერ კიდევ 20 წლის წინ დროებით გაიყინა. მას შემდეგ ექს-დიქტატორის ახლობლები ამ თანხის სასამართლოს გზით დაბრუნებას ცდილობენ.
შეგახსენებთ, ჰაიტის ყოფილი დიქტატორი საკუთარ ქვეყანაში იანვრის შუა რიცხვებში 25 წლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებიდან ორი დღის შემდეგ მას კორუფციისა და ქურდობის ბრალდება წაუყენეს. ამიტომ დუვალიემ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები