ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო.
რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც გრძელდება ხელისუფლების მიერ სასტიკი რეპრესიების მიუხედავად“.
დოკუმენტში გამოკვეთილია მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. ასევე ხაზგასმულია, რომ ვიდრე დაპატიმრებული ოპოზიციური ლიდერები არ გათავისუფლდებიან და საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდება, მომავალი ადგილობრივი არჩევნები ვერ იქნება ხალხის ნამდვილი არჩევანის გამოხატულება.
რეზოლუციაში ევროპარლამენტი გმობს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებს, დაკავებებს და სისტემურ ზეწოლას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ; ითხოვს ახლახან მიღებული „დრაკონული კანონების“ გაუქმებას, რომლებიც საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ემსახურება;
რეზოლუციაში მითითებულია, რომ 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და სწორედ ამ „გარდამტეხი მომენტიდან“ დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრება. დოკუმენტში საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაზე, დემოკრატიული მექანიზმების განადგურებაზე, რეპრესიული კანონმდებლობის გატარებასა და ოპოზიციის, მედიასაშუალებებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართულ ზეწოლასა და დევნაზე.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის ქვეშ. მათივე თქმით, მანამდე ევროპარლამენტი არ აღიარებს ერთპარტიულ პარლამენტსა და პრეზიდენტს, და მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაწესდეს პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ იმ ლიდერებისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე.
ევროპარლამენტარები ევროკომისიას ასევე მოუწოდებენ ევროკავშირმა გადახედოს საქართველოს მიმართ პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირ - საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგს.
დოკუმენტში ასევე არის მოწოდება შემდგომი შემზღუდავი ზომების განხილვის შესახებ, როგორებიცაა SWIFT-იდან ჩახსნა ან სექტორული სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტას.
დოკუმენტის თანახმად, „ევროპარლამენტი სწუხს, რომ საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეკომენდაციების შესრულებაში და რომ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) საქართველოს თანხვედრის დონე კვლავ შესამჩნევად დაბალია, 49%-ს შეადგენს. ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესი მოითხოვს ევროკავშირის CFSP-სთან სრულ თანხვედრას, იმ მოლოდინების შესაბამისად, რაც ყველა კანდიდატი ქვეყნისგან არსებობს; წუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველო არ მონაწილეობს ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში; წუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეუსაბამობა თვითიზოლაციას იწვევს და „ქართული ოცნების“ რეპრესიული რეჟიმი ამწვავებს არასტაბილურობას სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და შავ ზღვაში“.