ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, რადგან ძნელია, ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის ადამიანი, რომელსაც იცნობდი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
„ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, რადგან ძნელია, ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის ადამიანი, რომელსაც იცნობდი. მეგობრული ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ სამსახურებრივი და როგორც დეპუტატს აჭარის ხელისუფლების წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან, მქონდა. პირველ რიგში, მინდა უფალს შევთხოვო, რომ გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან და გამოაჯანმრთელოს. დანარჩენს ალბათ გამოძიება დაადგენს. დაკავებულია ადამიანი, ვის სახლშიც იმყოფებოდა, რომელიც დაუდევრად ინახავდა იარაღს და გარეშე პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა ეს იარაღი. ასე რომ, როგორც ჩანს, ეს გამოძიება ასე არ გაჩერდება და ყველა დეტალს დაადგენს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ამასთან, შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით, დასადგენია, ნამდვილად თორნიკე რიჟვაძემ დაწერა თუ არა წერილი, რომელიც "იმედმა" გაავრცელა.
„დადგენილია, რომ ეს წერილი მართლა მისი დაწერილია? როგორ დაადგინეს, ექსპერტიზა ჩატარდა? ეს ასე არ ხდება. თუ გამოძიება დაადგენს, რომ მან წერილი დაწერა და თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ნამდვილად მისი დაწერილია, გამოძიება ამას შეაფასებს და შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს... ამ წერილის ასლიც არ დევს ხომ? მოყოლით იციან ამაზე. მისი ოჯახი დაცული იქნება ყველა შემთხვევაში, ისევე როგორც ჩემი და თქვენი ოჯახი. ამ ქვეყანაში ყველას ოჯახი დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.