„იმედი“ თორნიკე რიჟვაძის წერილის შინაარსს ავრცელებს, რომელიც მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. მათივე ცნობით, „ქრონიკამ“ თორნიკე რიჟვაძის წერილი ექსკლუზიურად მოიპოვა.
მათივე მტკიცებით, რიჟვაძე წერილში წერს, რომ აბრალებენ „კორუფციას და ბარიგების მფარველობას“.
„ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას ( კორუფციას და ბარიგების მფარველობას ) რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე - დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში.
დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს.
ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები - ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც „იმედი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რიჟვაძე ამ დროისათვის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანია დაკავებული.