კვირას, სამხრეთ თურქეთში, ზოოპარკიდან გაქცეული ლომის თავდასხმის შედეგად, ფერმერი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ АР იუწყება.
ლომი ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვის კურორტ მანავგატში მდებარე ზოოპარკის გალიიდან გაიქცა.
რამდენიმე საათის შემდეგ ის თავს დაესხა 53 წლის კაცს, რომელსაც ქუჩაში ეძინა.
„შრიალის ხმა გავიგე. როდესაც საბანი ავწიე, ლომი დამხტა. ვიბრძოდით... კისერში ხელი ჩავკიდე და მოვუჭირე. იმ მომენტში ოდნავ უკან დაიხია“, - განუცხადა სააგენტოს სულეიმან კირმა.
პოლიციელებმა, რომლებიც ლომს ეძებდნენ, ხმაური გაიგეს და ჰაერში ისროლეს.
კაცი თავის, მხრებისა და ფეხების არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციამ და დრონებმა მოგვიანებით ლომი ახლომდებარე ტყიან ტერიტორიაზე იპოვეს და მოკლეს.
ზოოპარკში 30-ზე მეტი ცხოველი ბინადრობს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გაიქცა ლომი. დაწყებულია გამოძიება.