კვირას, 6 ივლისს, ბალტიის ზღვაში, რუსეთის პორტ უსტ-ლუგაში [ლენინგრადის ოლქი], ამიაკის გადამზიდ ტანკერ Eco Wizard-ზე ამიაკის გაჟონვა მოხდა.
როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ თავის Telegram-არხზე განაცხადა, ჩატვირთვის ინციდენტის დროს საქმე „თხევადი ამიაკის უმნიშვნელო გაჟონვას“ უკავშირდება.
მათივე ცნობით, შემდგომი დატვირთვა დაუყოვნებლივ შეჩერდა. 23-კაციანი ეკიპაჟი ევაკუირებულია და პორტში იმყოფება, არავინ დაშავებულა.
ინციდენტთან დაკავშირებით ოპერატიული შეხვედრა გაიმართა ტრანსპორტის სამინისტროს სიტუაციურ-საინფორმაციო ცენტრში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფედერალური სახელმწიფო ბიუჯეტის ინსტიტუტის „მორსლუჟბას“ ბალტიისპირეთის ფილიალის ძალები და რესურსები საგანგებო სამაშველო ოპერაციებისთვის სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი.
ერთ-ერთი Telegram-არხი წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ტანკერზე აფეთქება მოხდა ევროხიმის“ ტერმინალში ამიაკის გადატუმბვის სამუშაოების დროს.
2025 წლის დასაწყისიდან ეს უკვე მეექვსე ტანკერია, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო დაზიანდა რუსეთის პორტებში შესვლის შემდეგ აფეთქების შედეგად.
წინა შემთხვევა ლიბიის სანაპიროსთან ტანკერ Vilamoura-ზე მოხდა. გემს დაახლოებით მილიონი ბარელი ნავთობი გადაჰქონდა.